პარიზის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში ფრანგულ ენაზე მოსაუბრე უცხოელი ადვოკატებისთვის იწყება ორთვიანი უფასო სტაჟირება. სტაჟირების პროცესში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გარემოში გაეცნონ საფრანგეთის კანონმდებლობას და იურიდიული პროფესიის პრაქტიკას.
შერჩეულ ადვოკატებს ოქტომბრის თვეში ტრენინგები ჩაუტარდებათ საფრანგეთის იურიდიულ სისტემის, ეთიკის და იურიდიული პროცედურების შესახებ ფრანგი მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორების მიერ. ნოემბრის თვე მოიცავს პრაქტიკულ კურსს საადვოკატო ფირმებში. შერჩეული იქნება ის იურიდიული ფირმები, რომლებიც სრულად დააკმაყოფილებენ უცხოელი ადვოკატების მოთხოვნებს.
საერთაშორისო სტაჟირების პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებს შექმნან მყარი პროფესიონალური და მეგობრული ქსელი. გასულ წელს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობდა 34 ქვეყნის 50 ადვოკატი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
- სრულყოფილად ფლობდეს ფრანგულ ენას;
- ასაკობრივი კატეგორია: 40 წლამდე;
- ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა;
სტაჟირების პროგრამა სრულად ფინანსდება პარიზის ადვოკატთა ასოციაციის მიერ. სტაჟიორი ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მგზავრობის და პარიზში ცხოვრების ხარჯები.
დაინტერესებულმა ადვოკატებმა მ/წ 20 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ ფრანგულ ენაზე შედგენილი CV და სამოტივაციო წერილი, ადვოკატის მოწმობის ასლი და ერთი ფოტოსურათი ელ-ფოსტაზე: info@gba.ge, ან inganeb1@gmail.com ; ტელ: 2 22 46 54; 790 22 46 54